შეერთებული შტატები ისრაელისთვის მილიარდობით დოლარის ღირებულების ჭურვებისა და გამანადგურებლების გადაცემას დათანხმდა. ამის შესახებ Reuters-ს ორმა წყარომ განუცხადა.
წყაროების ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 2300-ზე მეტ ბომბს.
ვაშინგტონი მის დიდი ხნის მოკავშირეს ისრაელს, ყოველწლიურად 3,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას აწვდის.
დახმარების პაკეტი გამოიყო ისრაელის მიმართ ინტენსიური საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, ღაზის სექტორის დაბომბვის და სახმელეთო შეტევის გამო. დემოკრატების ნაწილი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, შეწყვიტოს ისრაელისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარება.
აშშ ისრაელს აწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას, მაგრამ ზოგიერთმა დემოკრატმა და არაბული წარმომავლობის ამერიკელების ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს ბაიდენის ადმინისტრაციის მხარდაჭერა ისრაელისთვის, რაც, მათი თქმით, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას დაუსჯელობის განცდას მატებს.
პარასკევს, 29 მარტს ბაიდენმა აღნიშნა, რომ ბევრი არაბული წამომავლობის ამერიკელი განიცდის ტკივილს ღაზაში მიმდინარე ომისა და აშშ-ის მიერ ისრაელისთვის მხარდაჭერის გამო.
ამავე დროს, მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს ისრაელის მხარდაჭერას, მიუხედავად ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მზარდი და საჯარო უთანხმოებებისა.
„ამერიკის ხმის“ ცნობით, თეთრმა სახლმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.
შეიარაღების მიწოდებაზე შეთანხმებას წინ უძღოდა ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის ვიზიტი ვაშინგტონში, რომლის დროსაც მან ამერიკელ კოლეგებთან განიხილა ისრაელისთვის შეიარაღების მიწოდების საჭიროება.