ომი აღარ არის წარსულის ნიშანი, ნებისმიერი სცენარი შესაძლებელია, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში.
„ვიცი, რომ ეს კატასტროფულად ჟღერს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის ადამიანებისთვის, მაგრამ გონებრივად უნდა შევეჩვიოთ ახალი ეპოქის დაწყებას, ეს ომის წინა ეპოქაა. არ ვაჭარბებ. ეს ყოველ დღე უფრო და უფრო აშკარა ხდება“, - განაცხადა ტუსკმა.
პრემიერმა ასევე გაიხსენა, რომ მან ჯერ კიდევ 2009 წელს გააფრთხილა რუსეთის მხრიდან საშიშროების შესახებ, მაგრამ შემდეგ „ხალხმა მხრები აიჩეჩა: რა თქმა უნდა, პოლონელი, რუსოფობი“, ახლა კი ევროპის დედაქალაქებში ამ პრობლემისადმი დამოკიდებულება იცვლება.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ევროპას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. პირველი ნაბიჯი არის, რომ ქვეყნებმა მიაღწიონ ნატო-ს მიზანს, დახარჯონ მშპ-ს ორი პროცენტი თავდაცვაზე. დღეს ჩვენ უნდა დავხარჯოთ რაც შეიძლება მეტი, უკრაინისთვის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის შესაძენად, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ყველაზე კრიტიკულ მომენტში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მომდევნო ორი წელი გადაწყვეტს ყველაფერს. ჩვენ თუ ვერ დავუჭერთ მხარს უკრაინას საკმარისი ტექნიკითა და საბრძოლო მასალებით, უკრაინა თუ წააგებს, ევროპაში ვერავინ შეძლებს თავი დაცულად იგრძნოს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.