რუსეთში აშშ-ის ელჩმა ლინ ტრეისიმ ოფიციალური განცხადება გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს ტერორისტული საფრთხის შესახებ დაზვერვის ინფორმაცია გაუზიარა. ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ზუსტად ერთი კვირის წინ კროკუს სითი ჰოლში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
„მინდა ნათლად განვაცხადო, რომ შეერთებული შტატები ცალსახად გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმით. გვახსოვს, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, სწორედ რუსეთი იყო პირველი, ვინც შეერთებულ შტატებს დაუკავშირდა. ტერორიზმთან ბრძოლის ჩვენი ქვეყნის საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს დიდი ხნის „გაფრთხილების ვალდებულების“ პოლიტიკა, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავუზიაროთ ინფორმაცია, როდესაც არსებობს საფრთხე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მათ შორის არა მხოლოდ მოკავშირეებთან, არამედ ქვეყნებთანაც, რომლებთანაც შეიძლება ღრმა უთანხმოება გვქონდეს, მათ შორის რუსეთთან. სამწუხაროდ, რამდენიმე რუსმა ოფიციალურმა პირმა არასწორად წარმოადგინა და საჯაროდ უარყო იმ ინფორმაციის სარგებლიანობა, რომელიც აშშ-ის მთავრობამ მიაწოდა რუსეთის უშიშროების წარმომადგენლებს ამ თვის დასაწყისში „ისლამური სახელმწიფოდან“ მომდინარე საფრთხეების შესახებ. ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია იყო კონკრეტული, დროული და იმსახურებდა ნდობას. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა „კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარ საზარელ თავდასხმაზე.
ისლამური სახელმწიფო“ კარგად არის ცნობილი დაზვერვის სამსახურებისთვის მთელს მსოფლიოში, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ბარბაროსული და ძალადობრივი ქმედებების ისტორია, მათ შორის რუსებზე წინა თავდასხმების, როგორც ეს იყო 2022 წელს ქაბულში რუსეთის საელჩოსთან აფეთქებების შემთხვევაში“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
აშშ-ის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები "ბევრი წლის განმავლობაში უზიარებდა რუსეთის ხელისუფლებას საფრთხის შესახებ ინფორმაციას" და მომავალშიც გააგრძელებს. მისივე თქმით, ამერიკული მხარე ასევე უპასუხებს რუსეთის მთავრობის თხოვნას დაეხმაროს „კროკუს სითი ჰოლში მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში.