სულ მცირე 15 ადამიანი დააკავეს ტაჯიკეთში „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის საქმეზე. ამის შესახებ ინფორმაციას ტაჯიკეთის სპეცსამსახურების წყაროებზე დაყრდნობით "რია ნოვოსტი" ავრცელებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 9 დაკავებულის შესახებ.
გამოცემის ცნობით, ყველა დაკავებული ქალაქ ვახდათის მცხოვრებია. ისინი დუშანბეში გადაიყვანეს. კონკრეტულად რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ თავდამსხმელებთან, უცნობია. დაკითხვაზე გადაიყვანეს დაკავებულების ოჯახის წევრებიც.
„რია ნოვოსტი“ წერს, რომ დაკავებულები ასევე ეჭვმიტანილები არიან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში. ერთ-ერთი დაკავებული ყირგიზეთის მოქალაქეა.
22 მარტს მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე ტერორისტულ თავდასხმას 143 ადამიანი ემსხვერპლა.