ბაკურიანში ზვავში მოყოლილი კაცის ძებნის სამუშაოები განახლდა.
ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნუგზარ ქუთათელაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაშველთა რაოდენობა გაზრდილია.
„გუშინდელთან შედარებით მეტი მაშველი მონაწილეობს ძიებაში. ადგილობრივებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, რომ მაშველებს დაეხმარონ, დაახლოებით ოც კაცამდე მზად არის და, მგონი, გადავიდნენ, რომ მიეხმარონ მაშველებს. მოგეხსენებათ, რელიეფი სამუშაოების იოლად წარმოების საშუალებას არ იძლევა, მაგრამ მიმდინარეობს სამუშაოები. იმედია, დღეს დასრულდება ოპერაცია", - თქვა ქუთათელაძემ.
ზვავსაშიშროებისა და ცუდი ხილვადობის გამო გუშინ საღამოს სამუშაოები შეწყდა.
გავრცელებული ცნობებით, ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, 28 მარტს, დილით, ექვსი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე მთაზე ისრიალეს, ერთ-ერთი მათგანი კი თოვლის მასის ჩამოშლის შემდეგ ზვავის ქვეშ მოჰყვა.