გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ერთობლივი პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მიერ მომზადებული სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტის განსახილველად სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სახეობათა აღდგენის დოკუმენტი, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) პრინციპების შესაბამისად, მოიცავს სახეობებს, რომელთა აღდგენა ეროვნულ დონეზე უნდა განხორციელდეს.
სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი სახელმწიფო, არასამთავრობო, სამეცნიერო სექტორისთვის და დონორი ორგანიზაციებისთვის, სახეობათა აღდგენის ქმედებების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.
,,საქართველოს ექნება გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა აღდგენის ეროვნული გეგმა და სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით გავაგრძელებთ ჩვენი მდიდარი ბიომრავალფეროვნების აღდგენას. ბოლო ასწლეულში ათეულობით სახეობა გადაშენდა ან გადაშენება ემუქრება. თანმიმდევრული პოლიტიკა, სამეცნიერო დასაბუთება და საჭირო ფინანსების მობილიზების საფუძველი ეროვნული აღდგენის გეგმაა”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა.
სამუშაო შეხვედრას ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.