პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სამების საკათედრო ტაძარში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
სამოქალაქო პანაშვიდზე შალვა პაპუაშვილი და გიორგი ვოლსკი მთავრობის მეთაურთან, ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა.
5 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებულ პირებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.