შეხვედრის მონაწილეებმა ევროკომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის უწყვეტი თანადგომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ევროკომისიამ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა და ქვეყნის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები და ევროკავშირის შესაბამისი გენერალური დირექტორატების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.