იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტ „სამართლის ტექნოლოგიების ციფრული აკადემიის“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტის მიზანია საქართველოში მომუშავე იურისტებისთვის სამართლის ტექნოლოგიების (ლიგალტექის) სწავლება. ტექნიკური უნარების შეძენა დაეხმარება მათ, თანამედროვე ინოვაციური პროდუქტები გამოიყენონ ყოველდღიურ საქმიანობაში და გააუმჯობესონ სამუშაოს ხარისხი. კურსის თეორიული ნაწილის გავლისას მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ალგორითმზე დაფუძნებული კომპიუტერული სისტემების მეშვეობით იურიდიული სერვისების მიწოდების შესახებ.
მონაწილეები შეისწავლიან ლიგალტექ პროგრამა Logos-ისა და რულმეფინგის მეთოდის გამოყენებით ისეთი ციფრული პროდუქტების შექმნას, როგორიცაა: სამართლებრივი კონსულტაციის ავტომატიზებული ბოტები, ხელშეკრულებისა და სარჩელების გენერირების სისტემები და სხვ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი პროექტის მონაწილეებს პროექტის მნიშვნელობისა და აქტუალობის შესახებ ესაუბრა, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ხუბუამ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორმა ზვიად გაბისონიამ და პროექტის ხელმძღვანელმა ნათია სირდაძემ პროექტის მონაწილეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პროექტის ფარგლებში შეთავაზებული სასწავლო კურსის შესახებ. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პრაქტიკული მოდულების თაობაზე პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლადო სირდაძემ წარადგინა.
პროექტი განხორციელდება ოქსფორდის უნივერსიტეტის ლიგალტექ ასოციაციასა და გერმანულ ლიგალტექ კომპანია KnowledgeTools International-თან თანამშრომლობით. ღონისძიებაში მონაწილე ქართველ ექსპერტებთან ერთად ლექციებს გაუძღვებიან პროფესორი შტეფან ბრაიდენბახი, დოქტორი თილო ვენდი, ჰატიმ ჰუსეინი და დანიელ ფოა.
იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანიც ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს.