ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის საელჩოს ერთ-ერთ დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და 10 აპრილამდე ქვეყნის დატოვება უბრძანა.
"ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის საელჩოს ერთი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ. რუსმა დიპლომატმა ლატვია 10 აპრილის დღის ბოლომდე უნდა დატოვოს", - ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
უწყების ცნობით, ლატვიაში რუსეთის ფედერაციის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ოლეგ ზიკოვის წინააღმდეგ პროტესტი გამოცხადდა იმის გამო, რომ საელჩო სავარაუდოდ „აგრძელებს არასწორ საჯარო კომუნიკაციას, რომელიც მიზნად ისახავს ლატვიის სახელმწიფო ინსტიტუტების და ხელისუფლების ორგანოების დისკრედიტაციას და ლატვიის საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივებას“.