ნობელის პრემიის 39-მა ლაურეატმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ ოპოზიციას რუსეთში და არ აღიაროს ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინი. მიმართვა გამოქვეყნებულია სამეცნიერო გამოცემა T-invariant-ში
ღია წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ „უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი”. მეცნიერების თქმით, აუცილებელია „დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდა“, რადგან ეს შეამცირებს ადამიანის სიცოცხლის დაკარგვას.
როგორცნობელის პრემიის ლაურეატები აღნიშნავენ, პუტინის წარუმატებლობა სამხედრო აგრესიის დროს რუსეთის მილიონობით მოქალაქის მორალურ გამარჯვებად იქნება აღქმული, რაც მათ დემოკრატიულ მომავალზე იმედებს გააძლიერებს და ომის საწინააღმდეგო მოძრაობის მობილიზებას გამოიწვევს.
"ომი უკრაინაში და ალექსეი ნავალნის მკვლელობა არ ეხება მხოლოდ რუსეთს და უკრაინას. პუტინის რეჟიმმა აჩვენა, რომ ის პირდაპირ და მკაფიო საფრთხეს უქმნის მთელ კაცობრიობას. თვითგანადგურების თავიდან აცილება კაცობრიობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ დაცული იქნება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პრინციპები. პუტინის რეჟიმმა ცინიკურად გათელა ისინი ... მოვუწოდებთ მსოფლიო ლიდერებს და კეთილი ნების ყველა ადამიანს, უარი თქვან ბატონ პუტინისა და მისი კრიმინალური რეჟიმის თაობაზე არსებულ ნებისმიერ ილუზიაზე“, - ნათქვამია მიმართვაში.