პატიმრობაში მყოფი რუსი დისიდენტის ვლადიმირ კარა-მურზას მეუღლე ევგენია კარა-მურზა აცხადებს, რომ რუსეთში პოლიტპატიმრების, მათ შორის მისი ქმრის სიცოცხლე საფრთხეშია ალექსი ნავალნის სიკვდილის შემდეგ.
”ბევრი ადამიანის სიცოცხლე, რომლებიც დღეს გისოსებს მიღმა იმყოფებიან რეჟიმის წინააღმდეგობის გამო - ბევრი მათგანი - საფრთხეშია. არა მხოლოდ ჩემი ქმრის, რომელიც ნამდვილად არის რეჟიმის დიდი ხნის მოწინააღმდეგე, არამედ ვლადიმირ პუტინის (სხვა) ძლიერი და მგზნებარე ოპონენტების სიცოცხლეც“, - განაცხადა ევგენია კარა-მურზამ.
ევგენია კარა-მურზას თქმით, საფრთხე ემუქრებათ სხვა აქტივისტებსაც, მათ შორის ალექსანდრა სკოჩილენკოს, რომელსაც პატიმრობა მიუსაჯეს უკრაინის ომის გაპროტესტების გამო და მოსკოვის საოლქო საბჭოს წევრი ალექსეი გორინოვი, რომელიც ასევე დააპატიმრეს რუსული აგრესიის კრიტიკისთვის.
როგორც ევგენიამ აღნიშნა, ვლადიმირ კარა-მურზა, რომელიც ნევროლოგიური დაავადებით იტანჯება და მოწამვლის ორ მცდელობას გადაურჩა, იანვარში ციმბირის ახალ კოლონიაში გადაიყვანეს და სამარტოო საკანში მოათავსეს.
ევგენიას თქმით, მისი ქმარი დაახლოებით ექვსი კვადრატული მეტრის ფართობის ვიწრო საკანშია მოთავსებული, სადაც დღისით კედელზე ამაგრებენ საწოლს ისე, რომ მან დაწოლა ვერ შეძლოს, საკანში დგას მხოლოდ ერთი უზურგო სკამი. ამასთან, მას არ აქვს სატელეფონო ზარების ან ვიზიტორების მიღების უფლება.
ვლადიმირ კარა-მურზას, რომელმაც დაგმო რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ლობირებდა დასავლეთის სანქციების დაწესებას მოსკოვის წინააღმდეგ, სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულეს და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კარა-მურზამ ბრალდება უარყო და მის წინააღმდეგ საქმე სტალინის დროინდელ სასამართლო პროცესს შეადარა.
ეს იყო ყველაზე მკაცრი სასჯელი, რომელიც გამოუტანეს რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.