„კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ორ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მათთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პირველი ორი პირი, ვისაც პატიმრობა შეუფარდეს, დალერჯონ მირზოევი და საიდაკრამ რაჩაბალიზოდი არიან, ეს უკანასკნელი ტაჯიკეთის მოქალაქეა. მათ ბრალი აღიარეს. რუსეთის სისხლის სამართლის 205-ე მუხლის მიხედვით, ორივე მათგანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
22 მარტის ღამეს მოსკოვის ოლქში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს.
თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. სავარაუდოდ, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 137 ადამიანი, 180-მდე კი დაშავებულია.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.