გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი აცხადებს, რომ მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხამზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ისლამურ სახელმწიფოს“.
„იქიდან გამომდინარე, რაც ამ დროისთვის არის ცნობილი, ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ვილაიათ ხორასანი“ {„ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალი} პასუხისმგებელია მოსკოვის მახლობლად განხორციელებულ ტერაქტზე“, - განაცხადა ფეზერმა.
საუბარია ავღანეთში მოქმედ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ შტოზე. ფეზერის თქმით, ISIS-ის ამ უჯრედის მებრძოლები ყველაზე დიდ ისლამისტურ საფრთხეს უქმნიან გერმანიას. „ისლამური ტერორიზმისგან გამოწვეული საფრთხე კვლავ მაღალია“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
მანამდე სააგენტო Reutersი უწყებდა, რომ საკონცერტო დარბაზში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო „ისლამურმა სახელმწიფომ“
ასევე გამოცემა The New York Times-მა დაწერა, რომ ტერაქტთან „ისლამური სახელმწიფოს“ კავშირს ადასტურებს აშშ-ის სპეცსამსახურებიც.
მიხედვად ამისა, რუსეთში სახელისუფლო მედია და ტელეგრამ-არხები აქტიურად ავითარებენ ვერსიას თვადასხმაში „უკრაინის კვალის“ შესახებ. ვლადიმირ პუტინმა ტერაქტიდან 20 საათის შემდეგ განაცხადა: „ტერაქტის უშუალო შემსრულებელი ოთხივე პირი, ვინც ისროდა და ხოცავდა ხალხს, იპოვეს და დააკავეს, ისინი მიმალვას ცდილობდნენ და გადაადგილდებოდნენ უკრაინის მიმართულებით, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის უკრაინულ მხარესთან ერთად მომზადებული იყო „ფანჯარა“ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის“.
ოფიციალური კიევი ტერაქტთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის განცხადებას გამოეხმაურა: „პუტინი და სხვა ნაძირლები უბრალოდ ცდილობენ სხვას გადააბრალონ... ეს აბსოლუტური არარაობა, პუტინი, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მიეხედა, მათთვის მიემართა, ერთი დღე ჩუმად იყო - ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა ეს უკრაინასთან“.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 133 და დაშავდა 152 ადამიანი.