უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრიი იუსოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გავრცელებული ვერსია, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტში მონაწილე პირები უკრაინისკენ მიემართებოდნენ, „არავითარ კრიტიკას არ უძლებს“.
„ამისთვის უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი არ არის საჭირო. ორ წელზე მეტია მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი ომი, სასაზღვრო ტერიტორიები გაჯერებულია მტრის ჯარით, სპეციალური აგენტებით, სპეცსამსახურების წარმომადგენლებით და უსაფრთხოების ძალებით.
სასაზღვრო ხაზი დანაღმულია, მეთვალყურეობა ხორციელდება ყველა საშუალებით, მათ შორის საჰაერო დაზვერვით, ორივე მხრიდან. რეგიონები, როგორიცაა ბელგოროდი და კურსკი, ზოგადად, ბოლო მოვლენების შემდეგ აქტიური საომარი მოქმედებების ზონაა. და, რა თქმა უნდა, ეს ვერსია არ უძლებს კრიტიკას, ეს მსოფლიოში ყველას ესმის, გარდა, რუსეთის შესაძლოა, ზომბირებული მოსახლეობისა.
ახლა გვაქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ საქმე გვაქვს რუსეთის სპეცსამსახურების სწორედ ასეთ ქმედებებთან. გარდა ამისა, სავსებით სავარაუდოა, რომ მოხდეს ისტერიის გაღვივება და თუნდაც ფორმალურად შემორჩენილი სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების აღმოფხვრა“, - განაცხადა იუსოვმა.
ამასთან, დაზვერვის მთავარ სამმართველოში დარწმუნებული არიან, რომ მოსკოვის ასეთი ქმედებები ომის მიმდინარეობაზე შესამჩნევ გავლენას არ მოახდენს.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლაიდმირ პუტინმა განაცხადა: „ტერაქტის უშუალო შემსრულებელი ოთხივე პირი, ვინც ისროდა და ხოცავდა ხალხს, იპოვეს და დააკავეს, ისინი მიმალვას ცდილობდნენ და გადაადგილდებოდნენ უკრაინის მიმართულებით, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის უკრაინულ მხარესთან ერთად მომზადებული იყო „ფანჯარა“ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის“.