კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში კანადელი ჯესიკა კლიმკლეიტი დაამარცხა, ოქროს მედალს დაეუფლა და „გრანდ სლემზე“ გამარჯვება კარიერაში პირველად იზეიმა.
ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ნატალია ელკინა, ბელგიელი მინა ლიბერი, მეოთხედფინალში კი 2023 წლის თბილისის „გრანდ სლემის“ გამარჯვებული სერბი მარიცა პერიშიჩი დაამარცხა, ნახევარფინალში კი სლოვენიელ კაია კაიზერს სძლია.
აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანმა თბილისის „გრანდ სლემის“ ფინალში 2021 წელსაც იასპარეზა. ძიუდოისტი ნორა გიაკოვასთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
თბილისი „გრანდ სლემს“ მეოთხედ მასპინძლობს. ტურნირი 22-24 მარტის ჩათვლით „თბილისი არენაზე“ იმართება და მასში მონაწილეობას 83 ქვეყნის ძიუდოისტი იღებს.