დღეს, მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში, ახალი სპორტული მოედანი და დასასვენებელი სკვერი გაიხსნება, რომლებიც STAGE II პროექტის მცირე საგარანტიო კომპონენტის ფარგლებში აშენდა.
"საქართველოს და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონებში სიღარიბის დაძლევა და ნდობის აღდგენა სოფლად მდგრადი განვითარების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების გზით" (STAGE II) ხორციელდება ქეა ავსტრიისა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში-ს მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA) საქართველოში და აგრობიზნესისა და სოფლის განვითარების ცენტრი (CARD) სომხეთში.
მარნეულში მოქმედმა სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ "ახალმა ფერმერებმა" გრანტი სპორტული მოედნისა და დასასვენებელი სკვერის მოსაწყობად მიიღო. ასოციაციამ პროექტის განსახორციელებლად თანადაფინანსება მარნეულის საკრებულოდან მოიპოვა, ხოლო ადგილობრივმა მოსახლეობამ სამშენებლო სამუშაოები უსასყიდლოდ შეასრულა.
"ეს სპორტული მოედანი და დასასვენებელი სკვერი არა მარტო სოფელ წერეთლის მოსახლეობას მოუტანს სარგებელს, არამედ მეზობელ სოფლებსაც, სადაც ეთნიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობა ცხოვრობს. ასეთი ერთობლივი აქტივობების მიზანია ხალხთა შორის კავშირების დამყარება და სამოქალაქო ინტეგრაცია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონს ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს მოუტანს. აღსანიშნავია ისიც, რომ სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივმა მოსახლეობამ შეასრულა, რაც მათ ერთის მხრივ პროექტის მიმართ საკუთრების გრძნობას გაუჩენს, მეორე მხრივ კი ერთობლივი ძალებით პრობლემების გადაჭრის პოზიტიურ მაგალითს უჩვენებს", - აღნიშნა STAGE II პროექტის კოორდინატორმა მიხეილ პაკაცოშვილმა.
დღესვე სპორტული მოედნის და სკვერის გახსნის ცერემონიის შემდეგ ქეა საერთაშორისო კავკასიაში, სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA), ასოციაცია "ახალი ფერმერები" და მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
(STAGE II)
პროექტის ფარგლებში გრანტები საქართველოსა და სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გაიცემა, რაც ამ ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს მათივე თემების სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩაერთონ, ხალხის სოციალურ-ეკონომიკური პირობები გააუმჯობესონ და სიღარიბის შემცირებას შეუწყონ ხელი. პროექტები, რომელსაც ადგილობრივი ორგანიზაციები ახორციელებენ მრავალფეროვანია და მოიცავს სანიაღვრე ქსელისა და სარწყავი არხის რეაბილიტაციას, ბიოჰუმუსის წარმოებას, სათემო ცენტრების რეკონსტრუქციასა და სხვ. გრანტის მიღებამდე სამიზნე ასოციაციებმა შესაბამისი ტრეინინგი გაიარეს, ახლა კი მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკულად განხორციელების საშუალება ეძლევათ.
(STAGE II) პროექტის მიზანია 10 სამიზნე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და ადგილობრივი თვით-მმართველობის გაძლიერება და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავება სოფლად მდგრადი განვითარებისთვის.
პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC)-ის მიერ.