აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საზავო შეთანხმება განიხილეს.
შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს ომში, სულ მცირე, ექვსი კვირის განმავლობაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყველა მძევლის გათავისუფლებას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე ისრაელისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფით.
„სახელმიფო მდივანმა გაიმეორა შეერთებული შტატების უარი ღაზიდან პალესტინელების იძულებით გადაადგილებაზე და დაადასტურა შეერთებული შტატების ვალდებულება ეგვიპტესთან იმუშაოს მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობისთვის, მათ შორის დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გზით, ისრაელის უსაფრთხოების გარანტიებით. მდივანმა დაგმო "ჰუსიტების" თავდასხმები კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში და აღნიშნა, რომ ისინი არაფერს აკეთებენ პალესტინელი ხალხის საქმის წინსვლისთვის", - განაცხადა მეთიუ მილერმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეგვიპტეში საუდის არაბეთიდან ჩავიდა.