უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალი რობ ბაუერი კიევში ჩავიდა. „ჩემი ვიზიტი - ნატო-ს პირველი სამხედრო დელეგაციის, რომელიც ეწვია უკრაინას ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ - იმის მტკიცებულებაა, რომ ნატო და უკრაინა უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე“, - თქვა მან სიტყვით გამოსვლისას კიევის უსაფრთხოების ფორუმზე.
ბაუერმა გამოთქვა ღრმა პატივისცემა იმ სიმამაცისა და სიძლიერის მიმართ, რომელიც უკრაინელებმა გამოიჩინეს ბრძოლის ველზე. ბაუერის თქმით, უკრაინა და ნატო დღითიდღე უახლოვდებიან და ერთად ატარებენ საჭირო ძალისხმევას რუსული აგრესიის სამიზნედ ქცეული ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. "შვედეთის დროშა არ იქნება ერთადერთი ლურჯ-ყვითელი დროშა ნატო-ს შტაბ-ბინაში", - განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა.
ბაუერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ წამოწყებული აგრესია „არასდროს იყო დაკავშირებული უკრაინისა და ნატო-ს მხრიდან უსაფრთხოების რაიმე რეალურ საფრთხესთან“. "ეს ომი გამოწვეულია იმით, რომ პრეზიდენტ პუტინს ეშინია რაღაც ბევრად უფრო ძლიერის, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური იარაღის დედამიწაზე - დემოკრატიის. თუ უკრაინელებს ექნებათ შესაძლებლობა ჰქონდეთ რეალური დემოკრატიული უფლებები, მაშინ რუსებიც მალე მოისურვებენ მას", - აღნიშნა ბაუერმა.
ბაუერმა გამოთქვა რწმენა, რომ არსებობს ყველა მიზეზი იმისა, რომ დარწმუნებული ვიყოთ უკრაინის წარმატებაში და ერთადერთი რაც მას სჭირდება პარტნიორების მხრიდან კიდევ უფრო დიდი და დაუყოვნებელი დახმარებაა.
"უკრაინაში დრო არ იზომება დღეებით, კვირებით ან თვეებით. ის იზომება ადამიანის სიცოცხლით," - განაცხადა ბაუერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სერიოზული ისტორიული შეცდომა იქნება პუტინისთვის გამარჯვების უფლების მიცემა. ”ამ ომის შედეგი განსაზღვრავს მსოფლიოს ბედს”, - დასძინა მან.