23 მარტიდან N293, N387, N393, N305, N319, N321 და N336 მარშრუტებს 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოთხი კვირის განმავლობაში, ავტობუსები, ჯამში, 24 მარშრუტს დაემატება.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გვაქვს სიახლეები. ჩვენ უკვე შემოვიყვანეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. 50 ავტობუსი უკვე დედაქალაქს ემსახურება. ამჯერად კი, 24 მარშრუტს გამოთავისუფლებული 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება, რათა მოცდის დრო შევამციროთ და მეტრი მგზავრის გადაყვანა შევძლოთ. პროცესი 23 მარტიდან დაიწყება და ოთხი კვირა გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, ავტობუსები გადანაწილდება შვიდ მარშრუტზე: N293 მარშრუტზე მოძრავი „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლდება „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით და მოლოდინის დრო შემცირდება 10 წუთამდე; N387 მარშრუტზე „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსების ნაცვლად, „ბიემსის“ მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, რის შედეგადაც, ინტერვალი იქნება 11 წუთი; N393 მარშრუტზე მოძრავი „მანის“ მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები, ჩანაცვლდება „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსებით და ინტერვალი 20 წუთიდან შემცირდება 15 წუთამდე.
გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, ავტობუსების დამატებით, N305 მარშრუტზე მოლოდინის დრო გახდება 8 წუთი, N319 მარშრუტზე - 7 წუთი, N321 მარშრუტზე -10 წუთი, N336 მარშრუტზე - 9 წუთი.
კახა კალაძის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მოქალაქეებისთვის ქალაქში გადაადგილება იყოს ხელმისაწვდომი, სწრაფი და კომფორტული. შესაბამისად, ახალი ავტობუსების შემოყვანა და 18-მეტრიანი ავტობუსების დამატების პროცესი გაგრძელდება.