კლინიკაში, სადაც უელსის პრინცესა ქეითს, ამ წლის დასაწყისში მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა, განაცხადეს, რომ პაციენტის კონფიდენციალურობის „ნებისმიერი დარღვევა“ გამოძიებული იქნება.
ამ განცხადებას წინ უძღოდა პრესაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ კლინიკის თანამშრომლები ცდილობდნენ წვდომას ქეით მიდლტონის პირად სამედიცინო ინფორმაციაზე.
ლონდონის კლინიკამ, (კერძო საავადმყოფო, რომელსაც ხშირად სამეფო ოჯახის წევრები მიმართავენ), განაცხადა, რომ საავადმყოფოში არ არის მათი ადგილი, ვინც განზრახ ძირს უთხრის პაციენტების ან კოლეგების ნდობას.
გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის საკითხების კომისრის ოფისმა (ICO) განაცხადა, რომ მიიღო „ანგარიში დარღვევის შესახებ“ და გამოძიებას ატარებს.
ლონდონის კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა ალ რასელმა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ მისმა თანამშრომლებმა ძალიან კარგად იციან მათი „ინდივიდუალური, პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობები პაციენტების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით“.
”ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ყოველდღიურად უზრუნველვყოფთ ჩვენი პაციენტების შესანიშნავ მოვლასა და კონფიდენციალურობას და ნდობას დიდად ვაფასებთ. ჩვენ გვაქვს სისტემა პაციენტების ინფორმაციის მენეჯმენტის მონიტორინგისთვის და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ გამოვიძიებთ და მივიღებთ ყველა შესაბამის მარეგულირებელ და დისციპლინურ ზომას“, - განაცხადა ალ რასელმა.
19 მარტს Daily Mirror-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ქეით მიდლტონის სამედიცინო ჩანაწერების მოპოვებას ცდილობდა.
გაზეთი იტყობინება, რომ შიდა გამოძიება დაიწყო კერძო კლინიკაში, სადაც პრინცესა და მეფე ჩარლზ III ბოლო თვეებში მკურნალობდნენ.
იანვარში კეტრინმა მუცლის ღრუს ოპერაცია გაიკეთა და გამოჯანმრთელების პერიოდში ყველა საჯარო გამოსვლაზე უარი თქვა.
ქეითის ხანგრძლივმა არყოფნამ გამოიწვია ინტერნეტში სპეკულაციების გავრცელება და შეთქმულების თეორიები მისი ჯანმრთელობის შესახებ, რაც გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 10 მარტს, დედის დღეს, კეტრინის ოფიციალური ფოტო გამოქვეყნდა, სადაც ის სამ შვილთან ერთად არის. წამყვანმა სააგენტოებმა ფოტო მალევე აიღეს, რადგან მასზე რეტუშირების ნიშნები აღმოაჩინეს.
მეორე დღეს კეტრინმა ბოდიში მოიხადა გაუგებრობისთვის და თქვა, რომ ზოგჯერ ექსპერიმენტებს ატარებს ფოტოს რედაქტირებისას.