ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული 118-ე შეხვედრა დასრულდა. ქართული მხარის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისგან ცინიკური პოზიცია მოისმინეს თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე.
„ეს პოზიცია არის უკიდურესად ცინიკური. ვისმენთ იმას, რომ ეს ე.წ. მესაზღვრეები მოქმედებდნენ განაწესის სრული დაცვით", - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.
შეხვედრაზე განხილვის თემა ასევე იყო უკანონო "ბორდერიზაცია". ანთაძის თქმით, ამ საკითხზეც საოკუპაციო ძალების პოზიცია არის უცვლელი.
„ისინი აბსურდული არგუმენტებით ცდილობენ ამ ნეგატიური, უკიდურესად დესტრუქციული პროცესის ლეგალიზებას. ჩვენი მხრიდან ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნება ერთი გარემოება, რომ უკანონო ინსტალაციების აღმართვა არ ნიშნავს მხოლოდ ღობის ან მავთულხლართის გავლებას, არამედ, პირველ რიგში, ეს გახლავთ თანამდევი პროცესის წინამორბედი, რაც გულისხმობს მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებას. ამის თვალნათელი მაგალითია საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომლებიც ახლაც იმყოფებიან უკანონო პატიმრობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - აღნიშნა ანთაძემ.