რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ საფრანგეთი, სავარაუდოდ, უკვე ამზადებს კონტიგენტს უკრაინაში გასაგზავნად.
რუსული პროპაგანდისტული გამოცემა ტასისთვის მიცემულ კომენტარში მან თქვა, რომ პირველი ჯგუფი დაახლოებით 2 ათასი სამხედრო მოსამსახურისგან შედგება. „საფრანგეთის სამხედრო ნაწილი უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლეგიტიმური და პრიორიტეტული სამიზნე გახდება“, - განაცხადა მან.
ამასთან, ნარიშკინი ამბობს, რომ საფრანგეთის არმიამ, რომელიც არ იბრძვის უკრაინაში, სავარაუდოდ უკვე განიცადა ყველაზე დიდი დანაკარგი ალჟირში ომის შემდეგ.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო მიკრობლოგ X-ში ნარიშკინის განცხადებას გამოეხმაურა.
"რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის რუსეთის მიერ ფართოდ გამოყენებული მასობრივი დეზინფორმაციის სისტემატური გამოყენების ნაწილი. ჩვენ მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფრთხილისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი მანიპულაციები," - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, რუსული პროპაგანდა არაერთხელ აცხადებდა, რომ უკრაინას თითქოს, სამხედრო მოსამსახურეები აღარ ჰყავს, ამიტომ რუს ჯარისკაცებს ბრძოლა „უცხოელ დაქირავებულებთან“ და „ნატო-ს ჯარებთან უწევთ “.