ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა და გადასცა ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, უწყებამ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს აცნობა, რომ ესტონეთი არ აპირებს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების მოთმენას.
„ესტონეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმები, რომლებიც კოორდინირებულია რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ, უნდა შეწყდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განმარტა, რომ რუსეთის საელჩო ჩაერია მართლმსაჯულების პროცესში სისხლის სამართლის საქმის დოკუმენტების ფლობით და მათ რუსულ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების ხელშეწყობით. მინისტრმა არ დააკონკრეტა რა საქმეზეა საუბარი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტალინის გადაწყვეტილება პასუხის გარეშე არ დარჩება.