ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ალიკა გითოლენდია ამერიკის საზღვაო ქვეითების კორპუსის მოქმედმა სარდალმა, გენერალმა ჯეიმს ამოსმა და საზღვაო ქვეითების მთავარმა სერჟანტმა კარლტონ კენტმა მოინახულეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ 31-ე ბატალიონის კაპრალი სამშვიდობო მისიის შესრულების დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა; ის მკურნალობას გერმანიის ქალაქ ლანდშტულში, ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში გადის. კაპრალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ალიკა გითოლენდია 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.
31-ე ბატალიონი, რომელიც ავღანეთში 749 ჯარისკაცის შემადგენლობით იმყოფებოდა, მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ეტაპობრივად ჩაანაცვლა. როტაცია ერთი თვის წინ დასრულდა.