მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოქტომბერში გაიმართება. იუწყება Bloomberg
სანდუს განცხადებით, მან სთხოვა მოლდოვის პარლამენტს დაწყებულიყო საკონსტიტუციო პლებისციტის პროცედურა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დღეს არის დაგეგმილი.
„მოლდოვის მოქალაქეების უმრავლესობისთვის ევროკავშირი არის მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტი, ხოლო რუსეთი მუდმივად ცდილობს მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას“, - თქვა სანდუმ.
„ჩვენ ველით, რომ რუსეთის თავდასხმები და პროვოკაციები გაგრძელდება, მაგრამ მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ შეშინდნენ და მხარი დაუჭირონ პროევროპულ რეფერენდუმს, რადგან ევროკავშირი ერთადერთი გამოსავალია, რომელსაც შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
მისი თქმით, რეფერენდუმი არ დაუშვებს, რომ მოლდოვაში პროევროპული მოძრაობა შეჩერდეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.
„ეს უნდა დადასტურდეს და ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რათა ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ხალხის ხმა განვითარების ამ მიმართულებით სავალდებულო იყოს პოლიტიკური კლასისთვის“, - განაცხადა სანდუმ.
მისი თქმით, რეფერენდუმის საბოლოო თარიღს პარლამენტი აირჩევს. ჯერჯერობით უცნობია, დაუშვებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო რეფერენდუმის საპრეზიდენტო არჩევნების იმავე დღეს დანიშვნას.