ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა ქვეყნის მოსახლეობას მიმართა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარასთან დაკავშირებით. იუწყება El Mundo.
„დღეს სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთის ბალისტიკური რაკეტა ესპანეთს მისწვდეს. მინდა მოვუწოდო ესპანეთის საზოგადოებას, რადგან ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ იმ უზარმაზარ საფრთხეს, რომელიც ამჟამად არსებობს და არა მარტო უკრაინაში, არამედ ღაზასა და საჰელშიც, სადაც არსებულ ვითარებას მე ძალიან პესიმისტურად ვუყურებ“, - თქვა რობლესმა.
მისი თქმით, ევროპამ უნდა გაიაზროს, რომ საფრთხე ძალიან ახლოსაა.
„ევროპამ უნდა გაიაზროს, რომ საფრთხე ძალიან ახლოსაა, ეს არ არის ჰიპოთეზა, ეს რეალურია. რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები ამას ძალიან კარგად აღიქვამენ, შესაძლოა მათ, ვინც სამხრეთში ვცხოვრობთ, ასე გაცნობიერებული არ გვაქვს. ჩვენ სრულად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებს და მშვიდობას ევროპაში საფრთხე ემუქრება”, - დასძინა მან.
რობლესის თქმით, ესპანეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინის დასახმარებლად.
„უკრაინის მხარდაჭერა ნიშნავს არა მხოლოდ მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვანს, ეს არის მშვიდობა და ღირებულებები, რომლებიც ახასიათებს დემოკრატიულ თანაარსებობას ევროპაში და რომელსაც პუტინი აშკარად ემუქრება“, - თქვა რობლესმა.