N302-ის, N308-ისა და N314-ის შემდეგ, MAN-ის მარკის ავტობუსები დღეიდან N301 მარშრუტზე იმოძრავებენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ მარშრუტზე აქამდე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა.
„კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, ასევე, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ასევე, განთავსებულია მობილურის დასატენი წერტილები და WIFI მოწყობილობა.
აღსანიშნავია, რომ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში გასულ წელს შეისყიდა. დედაქალაქს 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უკვე ემსახურება, დამატებით 110 ერთეული კი მიმდინარე წლის ბოლომდე შემოვა“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.