რუსეთის სხვადასხვა რეგიონში საარჩევნო უბნებზე ცეცხლის გაჩენის სულ მცირე ექვსი მცდელობა მოხდა. კიდევ ცხრა უბანზე ბრილიანტის მწვანე და მელანი დაასხეს.
გამოცემა The Moscow Times-ი იუწყება, რომ კენჭისყრის პირველ დღეს 15-ზე მეტი ასეთი შემთხვევა დააფიქსირა.
მარიინეს უბანზე ასაკოვანმა მოსკოველმა ქალმა კენჭისყრის კაბინას ცეცხლი წაუკიდა, და პროცესი ტელეფონით გადაიღო.
სანქტ-პეტერბურგში 21 წლის გოგონამ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა 358-ე სკოლას, სადაც დილიდან ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
კოგალიმში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კიდევ ერთი ხანძრის მცდელობა იყო. ქალმა მოლოტოვის კოქტეილით საარჩევნო ყუთისთვის ცეცხლის წაკიდება სცადა.
ივანოვოში, საარჩევნო უბანზე, ხანდაზმულმა ქალმა საარჩევნო ყუთს ცეცხლი წაუკიდა.
მოსკოვის მახლობლად, ქალაქ მიტიშჩიში, 83 წლის ქალმა ერთ-ერთ უბანზე ბენზინი გადაასხა კაბინას და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სვერდლოვსკის ოლქში, ქალაქ ასბესტში, შენობის შესასვლელს, სადაც საარჩევნო უბანი იყო განთავსებული, ცეცხლი წაუკიდეს. ხანძარი ლიკვიდირებულია, არავინ დაშავებულა.
ჩელიაბინსკში 80 წლის პენსიონერმა პიროტექნიკა ააფეთქა.
გარდა ამისა, საარჩევნო ყუთებს ბრილიანტის მწვანე შეასხეს მოსკოვში (ორჯერ), სიმფეროპოლში, როსტოვში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ბორისოგლებსკში, ვოლჟსკში, ლიტკარინოში და სოჭში.
ყველა, ვინც ცდილობდა საარჩებო უბნებზე ცეცხლის გაჩენას ან ბრილიანტის მწვანეთი ბიულეტენების გაფუჭებას, ადგილზე დააკავეს. მოსკოვში კენჭისყრის კაბინის დაწვის შემდეგ, საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით (საარჩევნო უფლებების განხორციელებაში ხელის შეშლა). ამავე მუხლით, საქმე აღიძრა მიტიშჩელი პენსიონერის წინააღმდეგ. დაკავებულებს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.