ფლორიდაში, საიდუმლო დოკუმენტების საქმის მოსამართლემ უარყო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამდგომლობა საიდუმლო დოკუმენტების მითვისებისა და უკანონოდ შენახვის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დახურვის შესახებ. იუწყება The Associated Press.
აშშ-ის საოლქო მოსამართლის, ეილინ ქენონის დადგენილებით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის გუნდმა წარმოადგინა „სხვადასხვა არგუმენტი, რომელიც სერიოზულ განხილვას იმსახურებს“, ბრალდებების უარყოფა არ არის გამართლებული.
მოსამართლემ მოისმინა არგუმენტები ტრამპის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, რომელშიც მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროკურორები ადანაშაულებენ ტრამპს ნებართვის გარეშე ეროვნული უსაფრთხოების ჩანაწერების სავარაუდო ფლობაში, რაც ძალიან ბუნდოვანია ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოყენების ბრალდების საქმეზე დონალდ ტრამპის სასამართლო მომავალი 20 მაისს არის ჩანიშნული.
პროკურორები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი არალეგალურად ინახავდა საიდუმლო დოკუმენტებს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა და ხელი შეუშალა მთავრობის მცდელობებს მათ დასაბრუნებლად.
თავად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ უდანაშაულოა და სასამართლო პროცესი მისი საარჩევნო კამპანიის განადგურებას ისახავს მიზნად. იმისთვის, რომ პროკურორებმა მარ-ა-ლაგოს საქმეზე განაჩენი გამოაცხადონ, ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთსულოვანი.