ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მეგობრობის გამზირისა და გაგარინის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესაბამისად, კომპანია ამ მიზნით ჯამში 5,5 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელი პირები.
დავით ნარმანიას თქმით, სემეკის მიზანია, რომ ქ. რუსთავში მინიმუმამდე შემცირდეს წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები: „სემეკმა გაზრდილი საინვესტიციო გეგმა დაუმტკიცა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ იმისათვის, რომ ქ. რუსთავში არსებული მდგომარეობა სწრაფად მოგვარდეს. დღეს, ადგილზე შევამოწმეთ წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა. ამ ეტაპისთვის, კომპანია დაგეგმილ სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს. ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ მონიტორინგს, დავაკვირდებით სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულების პროცესს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესაბამისად, ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 1700 მეტრამდე სიგრძის წყალსადენის ქსელი, დამონტაჟდება 15 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყობა 11 საკვანძო ჭა. სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად შესრულდება გაგარინის ქუჩაზე, სადაც განახლდება 1800 მეტრამდე სიგრძის წყალსადენის ქსელი, დამონტაჟდება 17 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყობა 15 საკვანძო ჭა.
სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარე კვირას დაიწყო და მისი დასრულება გაგარინის ქაჩაზე მაისში, მეგობრობის გამზირზე კი ივნისშია დაგეგმილი.
2024 წლის განმავლობაში ქ. რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჯამში 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, მეგობრობის გამზირზე და გაგარინის ქუჩაზე ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის საინვესტიციო გეგმის ნაწილია. მასშტაბური სამუშაოების შედეგად, წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება ქალაქ რუსთავის 40 000-ზე მეტ აბონენტს.