რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის 347 მოქალაქეს, მათ შორის ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსანებსაც.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ზომები ახსნა ბალტიის ქვეყნების „მტრული პოლიტიკით“. როგორც უწყებაში ამბობენ, ბალტიის ქვეყნების რუსეთის მიმართ "მტრული"დამოკიდებულება მოიცავს მკაცრი სანქციების მხადაჭერასა და უკრაინისადმი სამხედრო დახმარებას, ასევე „რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევას, რუსულენოვანი მოსახლეობის დევნას. საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების მასობრივი ნგრევის, ისტორიის გადაწერისა და ნაციზმის განდიდების ბარბაროსულ კამპანიას “.
გამოქვეყნებულ სიაშია ლატვიის მთავრობის თითქმის ყველა მინისტრი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინია და საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში და ორი ყოფილი პრეზიდენტი - ეგილს ლევიტსი და ვაირა ვიკე-ფრაიბერგა.
ასევე ესტონეთის მაღალი თანამდებობის პირები - ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, პარლამენტის თავმჯდომარე ლაური ჰუსარი, იუსტიციის მინისტრი კალე ლაანეტი და სხვები, ასევე ყოფილი პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი იური რატასი.
სიაში ლიეტუვის ოფიციალურ პირებს შორის არიან საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, იუსტიციის და ფინანსთა მინისტრები, ასევე ლიეტუვის არმიის მთავარსარდალი ვალდემარას რუპშისი.