რუსეთმა უკვე დაკარგა დაახლოებით 300 000 ჯარისკაცი უკრაინის წინააღმდეგ ომში, თუმცა დრო მის სასარგებლოდ მუშაობს, ამის შესახენ ნათქვამია აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში, იუწყება უკრაინული მედია.
”რუსეთმა განიცადა უფრო დიდი დანაკარგი, ვიდრე ნებისმიერ დროს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - დაახლოებით 300 000 პირად შემადგენლობას შორის, ათასობით ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ პუტინმა ვერ შეძლო თავისი თავდაპირველი გეგმის განხორციელება და მთელი უკრაინის ოკუპაცია, ხოლო რუსული არმია პირადი შემადგენლობის სიმცირის, სამხედროების დაღლილობისა და დაბალი მორალური სულისკვეთების წინაშე აღმოჩნდა. დაზვერვის პროგნოზით, ეს პრობლემები მომავალშიც იქნება.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ოკუპანტებმა შეძლეს უკრაინის ზაფხულის კონტრშეტევითი ოპერაციების ჩაშლა და ახლა სიტუაცია იწყებს რუსეთის სასარგებლოდ მუშაობას.
კერძოდ, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია ეტაპობრივად ზრდის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, არტილერიისა და სხვა შეიარაღების წარმოებას, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს გაუძლოს მაღალი ინტენსივობის საბრძოლო ოპერაციებს დიდი ხნის განმავლობაში.
მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსკოვს 2023 წლის ბოლოდან მოყოლებული ბრძოლის ველზე აქვს მცირე, მაგრამ თანმიმდევრული მიღწევები და სარგებლობს გაურკვევლობით იმის შესახებ, თუ რა ელის მომავალში უკრაინისთვის დასავლეთის დახმარებას.
„პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სავარაუდოდ, მიიჩნევს, რომ რუსეთმა ჩაშალა უკრაინის მცდელობები მნიშვნელოვანი ტერიტორიების გათავისუფლების შესახებ, რომ მისი გათვლები ამ ომში გამარჯვების შესახებ მუშაობს და რომ დასავლეთის, განსაკუთრებით, ამერიკის დახმარება უკრაინისთვის შეზღუდულია, განსაკუთრებით ისრაელსა და ჰამასს შორის ომის ფონზე“, - იუწყება აშშ-ს დაზვერვა.