გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ქალაქ ბათუმში ახალი ავტომატური სადგური დაემატა.
ახალი სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანნა ლიბერგმა გახსნეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოებასა და ამ მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით, ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული ღონისძიებების გატარების მიმართულებებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოება, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია აღნიშნული კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაზე“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა.
შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.
„გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ საქართველოსა და შვედეთის მთავრობებს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე პროექტია, რომლის პრიორიტეტული მიმართულებებია ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესება, ასევე, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება. ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, შეძენილია 8 ავტომატური და 1 მობილური სადგური. ქალაქ ბათუმში გავხსენით რიგით მეხუთე სტაციონარული სადგური. ასევე გავხსნით ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურებს ზუგდიდში, თელავსა და მესტიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა არამხოლოდ ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, არამედ, ზოგადად, გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოში“, - განაცხადა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანნა ლიბერგმა.
სადგურის გახსნის ღონისძიებას შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ცენტრალური განმახორციელებელი ერთეულის ხელმძღვანელი, პროექტის მენეჯერი ნათია ბერიძე და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ მიმართა და აღნიშნა, რომ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტების ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა, მით უფრო, როცა ქვეყანა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, ურბანულად ვითარდება და იზრდება როგორც მშენებლობების, ისე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს 14 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, მათ შორის, 11 ავტომატური და 2 მობილური. რაც შეეხება ახალი სადგურებიდან მიღებული მონაცემებს, ისინი ეტაპობრივად აისახება სააგენტოს პორტალზე www.air.gov.ge.