უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში ვატიკანის წარმომადგენელი ვისვალდას კულბოკასი, რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებების გამო დაიბარეს.
კულბოკასს აცნობეს, რომ უკრაინაში იმედგაცრუებული არიან პაპის სიტყვებით „თეთრ დროშასთან“ დაკავშირებით.
სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიევი რომის პაპისგან ელოდება ისეთ განცხადებებს, რომელიც მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებებს გაერთიანებისკენ, რათა შეძლონ ბოროტებაზე სიკეთით გამარჯვება.
უწყების ცნობით, უკრაინაში ვატიკანის ელჩს კიდევ ერთხელ შეახსენეს „მშვიდობის ფორმულა“ და უკრაინის სურვილი სურვილი, მიაღწიოს მშვიდობას, რომელიც სამართლიანი და გაერო-ს წესდების პრინციპებზე დაფუძნებული უნდა იყოს.
შეგახსენებთ, პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გამოიჩინოს გამბედაობა და დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
”ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც აკვირდება სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, აქვს თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა და აწარმოებს მოლაპარაკებებს”, - თქვა პაპმა ფრანცისკემ და დასძინა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს სხვა ქვეყნების შუამავლობით.
იმის გამო,რომ პაპის განცხადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, ვატიკანს აღნიშნული განცხადების შესახებ განმარტების გაკეთება მოუწია. ვატიკანის განმარტებით, პაპი უკრაინას მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს და არა დანებებისკენ.