„მოხარული ვარ, რომ პარლამენტის სასახლეში ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და საშუალება გვაქვს, მისი მეგობრების მონაწილეობით გავიხსენოთ საქართველოს ეროვნული გმირი. გავიხსენოთ ისეთი მომენტებიც, რომელიც აქამდე უცნობი იყო, რადგან ჩვენთვისაც კიდევ ერთხელ შევიქმნათ სურათი - რა არის გზა გმირობისკენ. მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, ჩვენმა თაობებმა შეინარჩუნონ მოგონებები გმირებზე და მეორე მხრივ, მაგალითად ყოველთვის ჰქონდეთ ასეთი გმირების ცხოვრება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ჟიული შარტავა თავდადების და სამშობლოს სიყვარულის მაგალითია და მას ქართველმა ხალხმა ეროვნული გმირის ტიტული მიანიჭა.
„როდესაც ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც ქართველმა ხალხმა ეროვნული გმირის ტიტული მიანიჭა, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ რა განსაზღვრავს გმირობას და ყოველ ჯერზე ვრწმუნდებით, რომ არ არსებობს გმირობის რეცეპტი. ეს არის მომენტი, ეს არის ინდივიდუალური აქტი, რომელიც ადამიანს საზოგადოების თვალში აქცევს გმირად - აღიარებულად, ზოგჯერ არაღიარებულად, მაგრამ ეს არის რაღაც მომენტი, რომელიც შეიძლება დადგეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში და როდესაც მას უწევს ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
ჟიული შარტავას გმირობის ისტორია სწორედ ის მომენტია, რომელიც ყველას, ვისაც გვახსოვს ომი, მისი ტრაგიკული დღეები და მათ შორის, კადრები, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება და გმირების სამუდამო სავანეში გადაინაცვლა. ის შესაძლოა გადარჩენილიყო, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლითაც პირდაპირ და უშიშრად შეეგება სიკვდილს. ამიტომაც ის არის მაგალითი თავდადების, სამშობლოს, მოყვასის სიყვარულის, სამშობლოსთვის თავგანწირვისა და კიდევ ერთხელ მაგალითი იმისა, რომ ეს არის ადამიანის ცხოვრებაში სპეციფიკური მომენტი, როდესაც მას შეუძლია მიიღოს გმირული გადაწყვეტილება, რის გამოც შემდეგ საზოგადოება მას გამოარჩევს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, ეროვნული ერთიანობის ცენტრი-ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ, წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლ (გიორგი) კაციამ, აკადემიკოსმა ვაჟა ლორთქიფანიძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თავმჯდომარე როინ მეტრეველმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე- პრეზიდენტმა რამაზ ხუროძემ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ფოტოების გამოფენა.
დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან ერთად ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო.