ამნისტია საჭიროებს დეტალურ ანალიზს და, პირველ რიგში, გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხები უამრავ ასპექტში. ამაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი და იმსჯელებენ დეპუტატები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით.
ბრეგაძის თქმით, კანონპროექტი უმრავლესობის მიერ არ არის წარდგენილი და ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მინისტრის შეფასებით, ამნისტია პერსონებზე მორგებული არ უნდა იყოს.
„ვინმე თუ ცდილობს, რომ მოარგოს კონკრეტულ პიროვნებას და ამისთვის გამოიყენოს საკუთარი სადეპუტატო უფლებამოსილება, თუ ოპოზიცია ცდილობს, მოარგოს რომელიმე ერთ კონკრეტულ პიროვნებას, ეს არ არის სწორი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რაც შეეხება სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების საკითხს, რატი ბრეგაძის განმარტებით, გადაწყვეტილება ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად იქნება მიღებული.
ამასთან, ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებით რატი ბრეგაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და, შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ამავდროულად, რატი ბრეგაძე აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რა კავშირი აქვს სააკაშვილის შეწყალებას პოლიტიკურ დეპოლარიზაციასთან.
„მსჯავრდებული სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ის არ არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი. ამიტომ როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ლოგიკით ჩემთვის სრულიად გაუგებარია საუბარი, რომ დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს. სააკაშვილი არ არის ქართველი პოლიტიკოსი, ის არის უკრაინელი პოლიტიკოსი და, შესაბამისად, თუ საუბარია საქართველოში პოლიტიკური დეპოლარიზაციის შესუსტებაზე ან დასრულებაზე, ამ შემთხვევაში ჩემთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს უკრაინის მოქალაქის, რომელსაც საქართველოში ჩადენილი აქვს დანაშაული და იხდის საჯსელს, შეწყალებას პოლიტიკურ დეპოლარიზაციასთან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.