მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ რუსეთის ძალების მორიგი თავდასხმა ოდესაში საცხოვრებელ კორპუსზე მიუთითებს უკრაინის დამატებითი დახმარების აუცილებლობაზე, მისი შეფერხება კი კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.
„ოდესაში რუსული დრონის კიდევ ერთმა თავდასხმამ ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა, რაც აშკარა შეხსენებაა იმისა, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი დახმარება“, - წერს სანდუ სოციალურ მედიაში.
მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ყოველი დღე მნიშვნელოვანია და დახმარების შეფერხება კიდევ უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს“.
2 მარტს რუსეთის თავდასხმის შედეგად ოდესაში 8 ადამიანი დაიღუპა, 7 დაშავდა.
რუსეთმა 8 დრონი ოდესის ოლქისკენ შავი ზღვის აკვატორიიდან გაგზავნა. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი საათის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო სისტემამ 7 დრონი ჩამოაგდო, ხოლო ერთი 9-სართულიან სახლს დაეჯახა.