ლაგოდეხის ტელევიზია რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციიდან გარიცხეს. ამის შესახებ www.media.ge იუწყება.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, ასოციაციის თავმჯდომარის მარინა კუპატაძის განცხადებით, ლაგოდეხის ტელევიზიამ ასოციაცია თავისი სურვილით დატოვა. ტელეკომპანიის დირექტორი ლალი ხუბულავა კი აცხადებს, რომ ასოციაციიდან მისი ტელეკომპანიის გაყვანის შესახებ არაფერი იცის.
„პირველად თქვენგან ვიგებ, რომ „LTV"ასოციაციის წევრი აღარ არის", - განუცხადა მედია.გე-ს ლაგოდეხის ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა.
ასოციაციიდან გორის ტელეკომპანია „თრიალეთიც" გარიცხეს. ასოციაციის ინფორმაციით, „LTV"-მ და „თრიალეთმა" უარი თქვეს ასოციაციის მიერ შექმნილ ტელეჟურნალ „მრავალკუთხედთან" თანამშრომლობაზე, ასევე არ მიიღეს მონაწილეობა საჭიროებათა კვლევაში. „თრიალეთის" ხელმძღვანელმა ბადრი ნანეტაშვილმა განაცხადა, რომ ამით პროტესტი გამოუცხადეს ასოციაციის მენეჯმენტს.
„საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ ასოციაციასთვის გადაცემული კამერები გამგეობის წევრებმა დაინაწილეს და არ მისცეს იმ ტელეკომპანიბს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა", - აღნიშნა ნანეტაშვილმა.
მისივე განცხადებით, მაუწყებელთა ასოციაციის ფინანსური მენეჯმენტი გაუმჭვირვალეა.
რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ნაჩუქარი კამერები იმ ტელეკომპანიებს გადაეცათ, ვინც აქტიურად მონაწილეობდა „მრავალკუთხედის" მომზადებაში.
„ასოციაციის ფინანსური საქმიანობა ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია შეამოწმოს. ჩვენ ანგარიშებს ცალკ-ცალკე ვუგზავნით დამფინანსებლებს, წევრებს. ახლახანს დასრულდა აუდიტი და შენიშნვაც არ მიგვიღია. ბადრი ნანეტაშვილი შეურაცხყოფას გვაყენებს არა მხოლოდ ჩვენ, ის შეურაცხყოფს დონორებსაც. ნანეტაშვილმა ასოციაცია იმიტომ აითვალწუნა, რომ ასოციაციის გამგეობის წევრად არ აირჩიეს და 26 წევრი ტელეკომპანიიდან მას მხოლოდ 3-მა მისცა ხმა", - განაცხადა კუპრაშვილმა.
ბადრი ნანეტაშვილის თქმით, 25 დეკემბრის საერთო კრების სხდომის ოქმის მიღების შემდეგ გადაწყვეტს, უჩივლებს თუ არა ასოციაციას სასამართლოში. მარინა კუპატაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ოქმს წევრი ტელეკომპანიები ასევე „თრიალეთი" და „LთV" რამდენიმე დღეში მიიღებენ.