ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და სომხეთს შორის კავშირების გაძლიერება განიხილა.
„ჩვენ თვალს ვადევნებთ ისტორიულ მომენტს ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში: ეს ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი“, - თქვა ევროკომისარმა საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში იუტა ურპილაინენმა, რომელიც მონაწილეობდა დებატებში. მისი თქმით, ბრიუსელის პრიორიტეტი ახლა არის სომხეთის სტაბილურობაში წვლილის შეტანა, „რათა მან დამოუკიდებლად გააკეთოს თავისი საგარეო პოლიტიკური არჩევანი“. ამ მიზნით ევროკავშირი ავითარებს თანამშრომლობას სომხეთთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით და ასევე ზრდის ინვესტიციებს მის ეკონომიკაში.
”წინ, შესაძლოა რთული გზა იყოს. სომხეთის წარსული გადაწყვეტილებები, რამაც გამოიწვია დამოკიდებულება პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოებოს თვალსაზრისით, ერთ საათში ვერ გადაილახება,” - განაცხადა ევროკომისარმა. მიუხედავად ამისა, ურპილაინენი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში შემდგომი რეფორმებისთვის იმპულსი იქნება, სხვა საკითხებთან ერთად, დიალოგი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ. მისი თქმით, ევროკომისია ამჟამად განიხილავს მის დაწყების გზებს.
ევროპელი დეპუტატების თქმით, ეს დიალოგი სომეხი ხალხის მხარდაჭერის მძლავრი სიგნალი იქნება.
„ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ პირველი ნაბიჯები სომხეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება ღრმა ეკონომიკური ინტეგრაცია და პიროვნული და სოციალური კავშირების განვითარება, რათა სომხების შემდეგმა თაობებმა უკვე ისარგებლონ ევროპული სიკეთეებით“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.