„ვუერთდები ჩემი კოლეგების განწყობებს, რაც დღეს ამ დარბაზში სუფევდა და მეც მინდა გამოვხატო უღრმესი პატივისცემა თქვენი პიროვნებისადმი. ამაყი ვარ იმით, რომ თქვენ ბრძანდებით ის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც არის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ხელმძღვანელი - კომუნიკაბელური, საქმიანი, მშვიდი, გაწონასწორებული და ძალიან მეგობრული. მადლობა ამ ურთიერთობისთვის“, - მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მის წლიურ ანგარიშს ისმენენ.
რიმა ბერაძის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ქვეყნისთვის ძალიან რთული პერიოდის ძალიან სწორი ანალიზი გააკეთა, ხოლო რაც შეეხება ოპოზიციონერი კოლეგების გამოსვლებს, არც ერთ მათგანს საქმიანი წინადადება არ დაუყენებია ყველა მათი შეკითხვა ისევ ინტრიგაზე, ისევ შეურაცხყოფაზე და ისევ რაღაც მოგონილ ფაქტებთან იყო დაკავშირებული. მისივე თქმით, როდესაც მინისტრი უკვე სამი-ოთხი წლის წინ არის წასული თანამდებობიდან, ოპოზიციისგან ახლა იმის გახსენება, თუ რატომ არ მისცა პასუხი კონკრეტულად დეპუტატს, ცოტა უხერხულია.
„მე მაინტერესებს ერთი საკითხი - თითქმის წაგვლეკა დეზინფორმაციამ და ეს საერთოდ მთელი მსოფლიოს პრობლემაა. რას ფიქრობთ თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორია თქვენი დამოკიდებულება და როგორ მიგაჩნიათ, რა საკანონმდებლო დოკუმენტაცია უნდა მივიღოთ ამასთან დაკავშირებით. აქვე მსურს წარმატებები და წინსვლა გისურვოთ, რადგან მიმაჩნია, თქვენი დამოკიდებულება, თქვენი საქმიანობა, რომელსაც ეწევით ზოგადად საქართველოს პარლამენტში, მნიშვნელოვანია. თითოეული ჩვენგანისათვის გადამდებია თქვენი საოცარი სიმშვიდე, ის საქმიანობა, რომელსაც გულწრფელად ემსახურებით ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.