ყვარლის რაიონში მდებარე „ქინძმარაულის მარნის" დირექტორის მოადგილემ, სოფელ გავაზში მცხოვრებმა 47 წლის არჩილ სესიაშვილმა, რამდენიმე დღის წინ თავი მოიკლა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ გავაზის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, თვითმკვლელობის მიზეზი საგადასახადო ინსპექციის მიერ კომპანიაში აღმოჩენილი დარღვევები გახდა, რის გამოც კომპანია დააჯარიმეს.
ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს „ქინძმარაულის მარნის" დირექტორი დიმიტრი ლებანიძე. მისი თქმით, საგადასახადო ინსპექციას კომპანიაში დარღვევები არ აღმოუჩენია და არც დაჯარიმება მომხდარა.
შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
სოფელ გავაზიდან ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ვალერი ვარადაშვილის განცხადებით, თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე არჩილ სესიაშვილი მასთან იყო მისული და მიწებთან დაკავშირებით რაღაც დეტალის გარკვევა სთხოვა. „მაგრამ ამ შემთხვევაში გადასახადელი თანხა, როგორც მახსოვს 70 - 80 ლარს არ აღემატებოდა",- აღნიშნა ვარადაშვილმა. მისივე თქმით, არჩილ სესიაშვილი გაწონასწორებული ადამიანი იყო და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონდა.