ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ, რომელიც ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე მთავარი პრეტენდენტია, განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეწყვიტოს წუწუნი აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნების გამო და ყურადღება გაამახვილოს იმაზე, თუ რა შეუძლია გააკეთოს უკრაინისთვის. იუწყება Reuters.
"ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ტრამპზე წუწუნი. ეს {არჩევნების შედეგი} ამერიკელებზეა დამოკიდებული. მე არ ვარ ამერიკელი და არ შემიძლია ხმის მიცემა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათთან, ვინც არის საცეკვაო მოედანზე", - თქვა რუტემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში.
მისი თქმით, ევროპამ ნებისმიერ შემთხვევაში მეტი უნდა დახარჯოს თავდაცვაზე და გაზარდოს საბრძოლო მასალის წარმოება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ტრამპი შეიძლება დაბრუნდეს ხელისუფლებაში.
ნიდერლანდების პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის დახმარება, რადგან ეს მის ინტერესებში შედის.
"და მთელი ეს წუწუნი და ტირილი ტრამპზე მესმოდა მუდმივად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. მოდით შევწყვიტოთ ეს", - თქვა რუტემ და დასძინა, რომ მიუნხენში ამერიკელ პოლიტიკოსებთან საუბრის შემდეგ იგი ფრთხილი ოპტიმიზმით იყო განწყობილი, რომ კონგრესში შეჩერებული უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი საბოლოოდ დამტკიცდება.