ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს კონკრეტულ დათმობებზე წასვლა, მის ხელში ვერ იქნება, მაგალითად, ძალოვანი სტრუქტურები, - ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„რა არის ამოცანა? ან უნდა დავიჯეროთ, რომ ამ ხელისუფლებასთან შესაძლებელია რაღაც ტიპის ალიანსი და ეს ხელისუფლება შეიძლება, გაკეთილშობილდეს, მოვიპოვოთ მეტი თავისუფლება, შესაბამისად, ეს ქვეყანა დაადგეს სწრაფი განვითარების გზას, სწრაფად გამდიდრდეს, სწრაფად დავძლიოთ უსაფრთხოების, სიღარიბის პრობლემები, რომელიც არის საფუძველი ბევრი სხვა პრობლემის – მე ამის არ მჯერა. მათ ხელში არის მთელი ძალაუფლება და ერთადერთი, რაც აინტერესებთ, ამ ძალაუფლების შენარჩუნებაა. ისინი არიან მატყუარა, გადამგდები ხალხი, ჩვეულებრივად რუსული ბუნების მატარებელი ხალხი. ამ შემთხვევაში, იმას არ ვგულისხმობ, კრემლიდან ვიღაც რეკავს თუ – არა, მმართველობის ფორმა არის რუსული შინაარსის. ამიტომ, მე არ მჯერა, რომ მათთან რაიმე ფორმის თანამშრომლობა შესაძლებელია, რათა მეტი თავისუფლებისკენ ნაბიჯი გადაიდგას. ეს ბუნებრივად ნიშნავს, რომ ვთამაშობ ოპოზიციურ ფლანგზე, მომავალში განვიხილავ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იქნება რაღაც ტიპის კოალიცია, ოღონდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება არაფრის ცენტრში, მას მოუწევს კოალიციაში ყოფნა. ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს კონკრეტულ დათმობებზე წასვლა, ვერანაირად ვერ იქნება ცენტრში. მაღალი ალბათობით და ეს იდეა დიდი ხნის წინ, წლების წინ გავაჟღერე, მის ხელში ვერ იქნება, მაგალითად, ძალოვანი სტრუქტურები.
ძალიან კონკრეტული ამბავია, რომ, მათ შორის ის რისკები, რომლებიც ადამიანების გონებაში არსებობს და დაკავშირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ თუნდაც ნაწილობრივ ხელისუფლებაში მოსვლასთან, ბოლომდე იყოს დაზღვეული. ამ ჭკუაზე არ ვარ მარტო მე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით ოპოზიციურ ფლანგზე ბევრი მოთამაშე არის ზუსტად იმავე ჭკუაზე. ამიტომ, ვერანაირ ცენტრში ვერ იქნება. არ იფიქროთ, რომ ამას ეთერში ვლაპარაკობ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არ ვეუბნები. ეს ბევრჯერ მითქვამს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.