თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ თეთრწყლების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გიორგი წიკლაური, კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტის ნათია დანელიშვილის მიმართ განხორციელებული მუქარისათვის, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
გუბერნატორის პრესმდივნის ხათუნა გულიაშვილის განცხადებით, გამგებელი და გუბერნატორი საქმის ვითარებაში გაერკვივნენ და თანამდებობიდან გიორგი წიკლაურის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსის მედეა კეკელიას ინფორმაციით, წიკლაურმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა.
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ თეთრწყლების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა გიორგი წიკლაურმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტს ნათია დანელიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. „შე ..... რაც არ მითქვამს, იმას რატო წერ? შენი.... ბოდიში მომიხადე, თორემ ყველაფერს გეფიცები მაგრად ინანებ"... კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორთან სატელეფონო საუბარში კი გიორგი წიკლაურმა აღნიშნა, რომ „ჟურნალისტს თეთრწყლების ტყეში ფეხებით დაკიდებს".