შუამთის რესტორანში 25 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის გამო, შს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კიდევ ერთი პირი, ახმეტაში მცხოვრები ბექა ონიაშვილი დააკავეს. ონიაშვილი ამავე დანაშაულის გამო დაკავებული, ახმეტის საკრებულოს წევრის გელა ონიაშვილის ძმაა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შს თელავის სამმართველოში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ხულიგნობა) არის აღძრული.
შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს, შუამთის რესტორანში ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მაილაშვილი, გამგებლის მოადგილე დავით დოიჯაშვილი, გამგეობის აპარატის უფროსი ივერი წითელაური და სოფელ ხალაწნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზაზა გუნაშაშვილი ცემეს. თვითმხილველების ცნობით, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვეს რესტორანი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა და ახმეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ.