ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების ყოველდღიური ყოფიდან მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად იდევნება ქართული ენა, - ამის შესახებ ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) განცხადებაში.
მათივე ცნობით, გარდა იმისა, რომ ეთნიკურ ქართულ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, რიგ შემთხვევებში, გალსა და ახალგორში ქართველებს მშობლიურ ენაზე საუბარი ეკრძალებათ.
„2003 წლის 1 სექტემბრიდან გალის რეგიონის ზედა ზონის ცხრავე სკოლა სრულად რუსულ სწავლებაზე გადავიდა. ქართულ ენას, რომელიც მხოლოდ უცხო ენად ისწავლება, კვირაში სამ საათამდე ეთმობა. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ იგივე პოლიტიკა გაატარა გალის რეგიონის ქვედა ზონის სკოლების მიმართაც. 2015 წლის სექტემბრიდან გალის რეგიონის ქვედა ზონის თერთმეტივე ქართულენოვანი სკოლის დაწყებით კლასებში სწავლა რუსულ ენაზე დაიწყო. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ბოლო ქართულენოვანმა გამოშვებამ სწავლა 2022 წელს დაამთავრა, რითაც აფხაზეთში სრულად რუსული სწავლების მოდელი გაფორმდა.
2023 წლის მდგომარეობით, გალის რეგიონში 27 სკოლა ფუნქციონირებს: საბერიოს პირველი და მეორე საშუალო სკოლა, ქვემო და ზემო ბარღეფის სკოლა, სიდის, მზიურის, გაგიდის, ფიჩორის, პირველი და მეორე ოტობაიის, თაგილონის, ნაბაკევის, დიხაზურგის, ლეკუხონის, პირველი გალის, რეჩხის, ღუმურიშის, კოხორის, აჩიგვარის, მუხურის, ოქუმის, წარჩეს, ჩხორთოლის და ჭუბურხინის ორი სკოლა სკოლა; ქალაქ გალის ორი - პირველი და მეორე საჯარო სკოლა. სკოლები არ აქვს სოფელ აგუბედიას, ცხირშს, ზღვისპირეთს (ე.წ. პრიმორსკი), გუდავასა და წარჩეს.
რუსული სცენარი გაიმეორეს ცხინვალის რეგიონშიც. აქ სწავლება სრულად რუსულით 2017 წლის სასწავლო წლიდან ჩანაცვლდა. ახალგორში ამჟამად დარჩენილია მეთერთმეტე კლასი, რომელიც განათლებას ქართულ ენაზე იღებს, მომდევნო სასწავლო წლიდან კი ყველა სკოლა სრულად რუსული გახდება. ამ სკოლებში, მეთერთმეტე კლასამდე კვლავ ისწავლება ქართული, როგორც უცხო ენა, თუმცა, როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, ქართულს განსაკუთრებული ყურადღება არ ექცევა, შესაძლოა გაკვეთილი არ ჩატარდეს და როგორც წესი, გაცდენილის ანაზღაურება არ ხდება.
2023 წლის მდგომარეობით, ახალგორის რაიონში მხოლოდ ექვსი სკოლა ფუნქციონირებს, სოფლებში - იკოთი, ბოლი, კორინთა და ბალაანი. სოფელი დაბის ორი სკოლიდან ერთი სრულად რუსული იყო. რაც შეეხება ახალგორის რაიონის დანარჩენ სკოლებს, აქ სწავლა 2017 წლამდე ქართულ ენაზე, ქართული სასწავლო პროგრამით მიმდინარეობდა.
სწავლების რუსულ ენაზე გადასვლამ სერიოზულად გააუარესა განათლების ხარისხი გალსა და ახალგორში. მოსწავლეებს რუსულ ენაზე სწავლა, ხოლო მასწავლებლებს საგნების რუსულ ენაზე სწავლება უჭირთ. გალის რეგიონის მასწავლებლების აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია და განათლება ქართულ ენაზე აქვს მიღებული. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში მოსწავლეები არიან, იმის გამო, რომ შინ მეგრულად ან ქართულად საუბრობენ, სკოლაში კი ყველა საგანს რუსულად ასწავლიან. შედეგად, მოსწავლეები ვერც ერთ ენას ვერ ფლობენ სრულყოფილად, რაც სამომავლოდ უმაღლესი განათლების მიღებასა და კარიერულ განვითარებას უზღუდავს.
სამხრეთ ოსეთში ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებსა და აღმზრდელებს ქართულ ენაზე საუბარს უშლიან; იგივე ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ახალგორში არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც აღსაზრდელების მშობლებს შენიშვნა მისცეს იმის გამო, რომ მათი შვილი სხვა ბავშვებს ქართულ ენაზე ელაპარაკებოდა. ქართულ ენაზე საუბრის გამო ბაგა-ბაღის არაერთ თანამშრომელს დაემუქრნენ სამსახურიდან გათავისუფლებით.
ახალგორში 2008 წლის შემდეგ ყველა კულტურულ ღონისძიებაზე, ოსურთან ერთად, ქართული ცეკვებიც სრულდებოდა, ეს ეხებოდა სკოლის ღონისძიებებსაც და დაბაში გამართულ დღესასწაულებსაც, რომელსაც ცხინვალიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ. დღეის მდგომარეობით, ვითარება შეცვლილია. ახალგორის ცეკვის ანსამბლს საკონცერტო პროგრამიდან ამოღებული აქვს ყველა ქართული ცეკვა. თუ ადრე მაღაზიების ბანერებზე ქართულ წარწერებს ჯერ კიდევ ვხვდებოდით, ისინი რუსულმა ბანერებმა ჩაანაცვლა.
* * *
მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების წართმევა არღვევს ხარისხიანი განათლების მიღებისა და განათლების ხელმისაწვდომობის უფლებას. ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტის (Catan and others v. Moldova and Russia) თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ვერ ახორციელებს ეფექტიან კონტროლს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია გააქტიუროს პოლიტიკური, სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევა გალის და ახალგორის რაიონის მაცხოვრებელთათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია განცხადებაში.