სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 326 კურსანტმა ქვეყნის წინაშე ფიცი დადო. ფიციდ დადების ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო და კურსანტებს სიტყვითაც მიმართა.
როგორც მან კურსანტებს განუცხადა, შეიარაღებული ძალები საქართველოში დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით სარგებლობს და მისი კიდევ უფრო გაძლიერებაა საჭირო ქვეყნის წინსვლისთვის.
"დღეს ოფიციალურად გაწევრიანდითYსაქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ეს არის ძალიან დიდი პატივი, პრივილეგია და წარმატება თქვენი წინსვლისთვის. სახელმწიფოს დაცვა თქვენი ღირსებაა. ჩვენი ქვეყანა არსებობისთვის ბრძოლაში იმყოფება. ჩვენ გამოგვიცხადა ომი ბევრად უფრო დიდმა სახელმწიფომ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 % აქვს ოკუპირებული. რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები, ადამიანური ღირსებები და ბევრს წაართვეს სიცოცხლის უფლებაც. ის ყოველდღიურად ემუქრება ჩვენ ქვეყანას და საქართველოს თავისუფლებას. თავისუფლება ჩვენთვის არის ყველაზე დიდი ღირებულება და ღირსება. პირველი დამცველები ამ ღირსების ხართ თქვენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ის რომ თბილისი ფეხზე დგას, ის რომ საქართველო აგრძელებს განვითარებას, ის რომ საქართველო ლაზარესავით მკვდრეთით აღსდგა, მიუხედავად იმისა რომ ეს მსოფლიოში თითქმის არავის სჯეროდა, სწორედ იმ ჯარისკაცების დამსახურებაა, მომხვდურებთან 2 წლის წინ ინრძოდნენ. "შეიარაღებული ძალების გაძლიერება არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვისა და ჩვენი ბავშვების მომავლისთვის უმთავრესი რამ. მისი ავტორიტეტი მაღალია ისე როგორც არასდროს საქართველოში. შეიარაღებული ძალების მიმართ საქართველოში დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით არიან განწყობილები", - აღნიშნავს პრეზიდენტი.