ოპოზიციას კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდეც გააფთრებული პროპაგანდა ჰქონდა ატეხილი, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება ევროკავშირთან გზის ჩაკეტვას ნიშნავდა, მაგრამ ყველაფერი ამის საწინააღმდეგო ვნახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ოპოზიციას ინფორმაციის სრული დეფიციტი აქვს და თავისი რუსული ბალალაიკის იქით ვერაფერს ხედავენ, მსოფლიო პოლიტიკის ანალიზს არ აკეთებენ. ჩინეთთან მსოფლიოს ყველა სახელმწიფო თანამშრომლობს და მათთან სტრატეგიული თანამშრომლობა აქვთ, მათ შორის ძალიან მკვეთრი კონკურენციის ფონზე აშშ-სა და ევროკავშირის. აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის იმის აკრძალვა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა, თანამშრომლობა და ეკონომიკური პერსპექტივა არ გააღრმაოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაკარნახევია სრული არაკომპეტენტურობით ან მიზანმიმართული ტორპედირებით იმის, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდა ეკონომიკასა და კეთილდღეობას გაზრდის, რაც, მათი გაგებით, მიუღებელია, რადგან მათი რევოლუციური სცენარი ვერ განხორციელდება. ეს ქვიშაზე დაწერილი მათი პროპაგანდაა, რომელიც, როგორც მრავალი სხვა ასეთი დესტრუქციული განცხადება, დრომ წაშალა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, ჩინეთში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს გაიმართება ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ლიუ ძინჩაოსთან და მის მოადგილესთან, სუნ ხაიანთან.