აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვდება. ამის შესახებ მან CBS-ის გადაცემა „60 წუთში"ისაუბრა. ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა: რა ფიქრობს, რა ხდება ადამიანის გარდაცვალების შემდეგ.
„რელიგიური ადამიანი ვარ, ამიტომ, თეორიულად, სამოთხეში მოვხვდები. ამის იმედი მაქვს. ჯოჯოხეთში წასვლა არ მინდა“, - განაცხადა ტრამპმა.
ინტერვიუს დროს ჟურნალისტმა როს დოუტატმა აშშ-ის პრეზიდენტს ასევე ჰკითხა, შეძლებდა თუ არა ის პოლიტიკური ოპონენტების, მათ შორის, ჯეიმს კომისა და ნენსი პელოსის პატიებას, თუკი სამოთხეში მოსახვედრად ამის გაკეთება აუცილებელი იქნებოდა.
ტრამპმა პასუხად განაცხადა, რომ ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა.
„პასუხი უარყოფითია. მინდა გულწრფელი ვიყო. ალბათ, ამას ვერ შევძლებ, რადგან ზოგიერთი ჩემი მტერი მძულს და ყოველთვის მეყვარება კი არა, ყოველთვის მეყოლება სიძულვილით განწყობილი“, - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ოპონენტები „უკიდურესად არაკეთილსინდისიერ ადამიანებად“ და ქვეყნისთვის საზიანო პირებად მოიხსენია.
ტრამპის მრავალწლიანი დაპირისპირება ორივე მათგანთან მის პირველ საპრეზიდენტო ვადას უკავშირდება.
კომი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი იყო 2013 წლიდან 2017 წლამდე. ტრამპთან მისი ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც ბიურო რუსეთის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასა და ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან შესაძლო კავშირებს იძიებდა.
2017 წლის მაისში ტრამპმა კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს კომის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის რამდენიმე მცდელობაც დაიწყო. ერთ-ერთი საქმე მოსამართლემ პროკურორის დანიშვნის კანონიერებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო შეწყვიტა, მეორე კი კვლავ განხილვის პროცესშია.
პელოსი წარმომადგენელთა პალატის სპიკერი იყო ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დიდი ნაწილის განმავლობაში. ის დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი და ტრამპის პოლიტიკის აქტიური კრიტიკოსი იყო.
მათ შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა 2019 წელს, როდესაც პელოსიმ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.
საქმე ეხებოდა ტრამპის სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ტრამპს ბრალად ედებოდა უკრაინაზე ზეწოლა, რათა კიევს ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. დემოკრატები პრეზიდენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებდნენ. 2020 წლის თებერვალში სენატმა ტრამპი გაამართლა.